ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

აზერბაიჯანული კლასიკური დრამატურგიის პირველი ნიმუშები, მ.ფ.ახუნდოვის ექვსი ცნობილი კომედია მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შეიქმნა ქ. თბილისში.

ამ პერიოდის არქივიდან საგაზეთო სტატიებიდან და სამეცნიერო კვლევებიდან ირკვევა, რომ ბარენბეკოვის ქარვასლის სარდაფში, ახუნდოვის პიესეს „ლენკორანის ხანის ვეზირის თავგადასავლის“ მიხედვით აზერბაიჯანული ინტელიგენციის ერთი ჯგუფის ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა კომედია „არაბეთის ხანის ვეზირი“.

აზერბაიჯანული სახალხო სახლი, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო ნარიმანოვის კლუბის სახელით, 1912 წლიდან 1947 წლამდე ფუნქციონირებდა და იდგმებოდა აზერბაიჯანული პიესები.

თეატრი 2004 წლის 30 ივნისს ორმოცდაჩვიდმეტ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღდგა, და თუ ადრე სპექტაკლებში ქალის როლის შესრულება მამაკაცებს უწევდათ, ახლა, თანამედროვე თეატრში თანაბარი უფლებით თამაშობენ სპექტაკლებში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობები.

20-ე საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულმა თეატრმა პროფესიონალური სტატუსით დაიწყო მუშაობა, რის გამოც ბაქოდან იწვევდნენ პროფესიონალ მსახიობებს. მათთან ერთად სცენაზე თამაშობდნენ სხვადასხვა ეროვნების მსახიობები, რომლებიც კარგად ფლობდნენ აზერბაიჯანულ ენას და გულშემატკივრობდნენ თეატრს.

მრავალფეროვანი რეპერტუარი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოეწყოთ გასვლითი წარმოდგენები ქალაქის სხვადასხვა თეატრებში, მაგალითად სათავადაზნაურო თეატრში, სახაზინო თეატრში, ზუბალოვის სახელობის სახლში და ავლაბარ პალასში.

1910 წელს აზერბაიჯანული თეატრი ზუბალოვის სახელობის სახალხო სახლის (ამჟამინდელი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობა) სრლუფლებიანი წევრი გახდა.

გამოჩენილი მსახიობის ვასო აბაშიძის, მწერლის შალვა დადიანისა და საზოგადო მოღვაწის ვალერიან გუნიას დახმარებით გადაწყდა თვეში რამოდენიმეჯერ ეთამაშათ აზერბაიჯანულენოვანი სპექტაკლები იმ სცენაზეც და ქართული თეატრის შენობაშიც (ახლანდელი ა. გრიბოედოვის შენობა).

თბილისის აზერბაიჯანული თეატრის განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამოჩენილი აზერბაიჯანელი ოსტატების ჰუსეინ არაბლინსკის, აბულფატ ველის, სიდგი რუხულასა და ჰუსეინგულუ სარაბსკის ჩამოსვლამ.

ქართველი თეატრალური მოღვაწეები ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და მაქსიმალურად ეხმარებოდნენ სპექტაკლების შემქმნელებს საინტერესო პროფესიული რჩევებით.

გენიალური მსახიობის ვასო აბაშიძის ქალიშვილი ტასო აბაშიძე, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტი იყო, აქტიურად მონაწილეობდა აზერბაიჯანულ წარმოდგენებში აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.

ითარგმნებოდა აღმოსავლური, რუსული და ევროპული დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშები. ისეთი გამოცდილი რეჟისორების მიერ, როგორებიც იყვნენ ი. ისფაჰანლი, ა. ტუგანოვი, მ. კირმანშახლი, უ. ულდუზა და.ა.შ.

შექსპირი, შილერი, მოლიერი, გოგოლი და ჩეხოვი იყვნენ მათი საყვარელი ავტორები და ყურადღებით, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ თარგმანს.

1912-1913 წწ-ში, მაყურებელთა სამსჯავროზე გამოვიდა ორმოცზე მეტი სპექტაკლი, ხოლო 1929-1930 წწ-ში თეატრმა დადგა 41 პიესა შ. რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე.

1922 წელს თეატრს მ.ფ. ახუნდოვის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის სტატუსი მიენიჭა. მისი კოლექტივი ხშირად მოგზაურობდა საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში, აგრეთვე საბჭოთა სივრცეში: ასტრახანში, კრასნოვოდსკში, აშხაბადში, სამარყანდში, ერევანში, ბუხარაში, ტაშკენტში. ირანის და თურქეთის რესპუბლიკაში.

ამ თეატრმა აღზარდა შემდეგში ისეთი ცნობილი მსახიობები, რომლებიც წლების განმავლობაში ბაქოსა და სხვა რესპუბლიკების დედაქალაქების სცენას ამშვენებდნენ: ალი-მირზა ნარიმანოვი, ისმაილ ხაკი, კირმან შახლი, იბრაგიმ ისფაჰანლი, ტასო აბაშიძე, მარგო ქავთარაძე, ალი ყურბანოვი, აბას ყურბანოვი, ალექპერ სეიფი, გუარჩინ ალიევა, გოხარ ხანიმი, ახმედ სალახლი, ალი ბაირამოვი, ალექსანდრ ტუგანოვი… მათ შორის ბევრს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდებები, აგრეთვე კულტურის დამსახურებული მოღვაწის სახელი…

Back to Top
Back to Top
Close Zoom
Context Menu is disabled by theme settings.